პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები.

2. პროექტის მთავარი იდეა: პროექტის იდეაა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები, შეძლონ მათზე მსჯელობა და მათი მისადაგება თუ  გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.

3. პროექტის აქტუალობა: შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ აქტუალურია ქართულ რეალობაში ყოველ ეპოქაში. მისი შესწავლით მოსწავლეები გაიღრმავებენ როგორც ფაქტობრივ ცოდნას, ასევე, ტექსტის გააზრებისა და განხილვის უნარებს. ისინი აქედანვე მოემზადებიან სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდებისათვის. გამოიმუშავებენ იმის უნარს, რომ გახდნენ ტექსტის შემფასებლები და კარგი მკითხველები.

4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია შოთა რუსთაველის პოემის პოპულარიზაცია; მისი  გაცნობა და შეყვარება ახალგაზრდა მკითხველებისათვის, რათა დავეხმაროთ მათ, ამოიცნონ „ვეფხისტყაოსანში“ გამოცემული სიბრძნე და შეძლონ მისი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში, საჭიროების მიხედვით.
პროექტის დახმარებით მოსწავლეები გახდებიან უფრო კარგი მკითხველები და ლიტერატურის შემფასებელნი; გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

5. მონაწილეთა ასაკი: VII კლასი (12-13 წლის მოსწავლეები).

6. ვადები/ხანგრძლივობა:  6 აკადემიური საათი (6 გაკვეთილი).

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის დასრულების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა მოსწავლეთათვის არ იქნება უბრალოდ გაუაზრებელი აქტივობა, როდესაც ისინი იძულებით ასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას და დაზეპირების პრინციპით სწავლობენ ტექსტს, არამედ, მათ ეცოდინებათ, რომ XII-XIII საუკუნეებში საქართველოში იყო განვითარებული ისეთი მიმდინარეობები, როგორებიცაა: ფილოსოფია, ასტრონომია-ასტროლოგია, ღვთისმეტყველება, გეოგრაფია და სხვები.
მოსწავლეები თავად შექმნიან ე.წ. პოსტერებს, რომლებზეც გადაიტანენ პოემის აფორიზმების მათებურ ხედვას, მათ გააზრებასა და განმარტებებს.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ქაღალდი (სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფერის), ფერადი მარკერები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I გაკვეთილი: კლასი იყოფა 5 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში არის 5-5 მოსწავლე. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ათ-ათი აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან“.
ჯგუფებს ევალებთ, რომ მიცემული ათი აფორიზმიდან ამოირჩიონ ხუთი, ყურადღება მიაქციონ შინაარსობრივ მსგავსებას, განმარტონ ისინი, ჩაიწერონ რვეულებში მათი შინაარსი და განმარტებები და გადაიტანონ ისინი თაბახის ფურცლებზე.
II გაკვეთილი: პრეზენტაცია - ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები, მოკლედ ახსნან, რატომ აირჩიეს ესა თუ ის აფორიზმი, რას ნიშნავს მათთვის ამ აფორიზმებში გადმოცემული იდეები. ჯგუფები ერთმანეთს შეუფასებენ პრეზენტაციას. პოსტერებს ვაკრავთ კედლებზე.
III გაკვეთილი: პროექტის ამ ეტაპზე ჯგუფები ერთიანდება და ყველა ერთად აჯგუფებს იმ აფორიზმებს, რომლებიც ჯგუფებმა ამოარჩიეს, შინაარსის მიხედვით, მაგალითად, აფორიზმები, რომლებიც სიყვარულს, მეგობრობას, ჰუმანიზმს... ეხება.
შემდეგ იმართება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა თემები/იდეები არის პოემაში მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული, რატომ ამახვილებდა პოეტი მათზე ყურადღებას; რა სმენიათ მოსწავლეებს იმ დროის საქართველოს ისტორიაზე, როგორ ფიქრობენ, რატომ იყო იმ ეპოქაში დასახელებული იდეები საყურადღებო, რატომ ჩათვალა ავტორმა საჭიროდ, რომ ეს თითქმის დიდაქტიკური პოემა შეექმნა მეფის კარზე...
IV გაკვეთილი: პროექტის ეს ნაწილი უნდა ჩატარდეს კომპიუტერების ოთახში, მოსწავლეები ისევ ჯგუფებად იყოფიან, როგორც თავიდან. მათ უნდა მოიძიონ ფოტო მასალა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, უნდა ამოარჩიონ მათგან ისეთები, რომლებიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება მათ აფორიზმებს; შექმნან ე.წ. „სლაიდშოუ“ ფოტოებითა და მათზე დართული აფორიზმებით, მათი განმარტებებით და წარმოუდგინონ მასწავლებელს.
V გაკვეთილი: პროექტის პრეზენტაცია - შემაჯამებელი ეტაპი: მოსწავლეები თავიანთ პოსტერებს განათავსებენ კომპიუტერების ოთახში, მოიწვევენ დირექციასა და მშობლებს და წარმოუდგენენ მათ მთელ ნამუშევარს.
 „სლაიდშოუების“ ჩვენების შემდეგ ისაუბრებენ მოკლედ, რა მიიღეს ამ პროექტში ჩართვის შედეგად, რა მოეწონათ, რა - არა; რა ფასი/ღირებულება შეიძინა მათთვის „ვეფხისტყაოსანმა“ პროექტის შედეგად, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პოემა მათთვის და, ზოგადად, მთელი ქართული საზოგადოებისათვის; რა შეგრძნებაა, როდესაც შენი ქვეყანა იმ დროს იყო უკვე განვითარებული და განათლებული, როდესაც თანამედროვე სამყაროს ბევრი წამყვანი ქვეყანა არც კი არსებობდა.

რეფლექსია:
პროექტს დაასრულებს დირექტორის/სასწავლო ნაწილის შეფასება.
ამის შემდეგ მასწავლებელი და მოსწავლეები ამობეჭდავენ ფურცლებზე პრეზენტაციის დროს გამოყენებულ ილუსტრაციებსა და აფორიზმებს „ვეფხისტყაოსნიდან“ და გამოფენენ მათ სკოლის პირველი სართულის დერეფანში, უკვე შექმნილ პოსტერებთან ერთად, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ერთი საგაკვეთილო დროის განმავლობაში (45წთ.) ყველა მოსწავლე დადგება დერეფანში და ნებისმიერ გამვლელს, დაინტერესებულ მოსწავლესა თუ მასწავლებელს გააცნობს გამოფენილ რესურსს, მოსწავლეები უპასუხებენ დაინტერესებული პირების შეკითხვებს.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოს ისტორიას, მათ უკვე შესწავლილი აქვთ ჩვენთვის საჭირო პერიოდი. ასევე, ი.ს.ტ.-ს, კონკრეტულად - Microsoft power point-ის გამოყენებას.

ე.ს.გ.-ს ინდიკატორები:
ზეპირმეტყველება:
ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
კითხვა:
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 
ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

წერა:
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 
ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ადამია.

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: adamiani.no1@gmail.com

13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://adamianino2017.blogspot.com/

No comments:

Post a Comment