Sunday, September 17, 2017






სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიები

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში, რადგან ეს მომავალი თაობის აღზრდასთან არის დაკავშირებული.
კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით სამუშაოს მნიშვნელოვნად გამარტივება და მრავალი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ამა თუ იმ მიზნით, ხშირად ხდება მათი არალეგალური კოპირება, გავრცელება და გამოყენება.
ამ საკითხის შესახებ, სასურველია, ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე ფაქტს:
1.       პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება კანონის დარღვევაა.  კანონები საავტორო უფლებების შესახებ იცავს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ავტორს, ასევე მის მფლობელს, ისევე, როგორც საპატენტო უფლება იცავს გამომგონებელს.
2.       გარდა კანონდარღვევისა, პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს საზოგადოებას, რადგან ხელს უწყობს მორალური და იურიდიული ნორმების დარღვევის დამკვიდრებას.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროში.
3.       პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს მის შემქმნელს, რადგან ხელს უშლის მას, მიიღოს სათანადო ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის. ის ხელს უშლის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას და შემდგომ გაუმჯობესებას, რადგან მის შემქმნელს მოტივაციას უკარგავს.  გარდა ამისა, ეს პროგრამული უზრუნველყოფის ფასის გაზრდასაც იწვევს.
რადგან პროგრამული უზრუნველყოფა ადვილად ემორჩილება ცვლილებას და მისი რეპროდუცირება ძალიან მარტივია, ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვისი შრომის პატივისცემას.  ამის გამო, საჭიროა, ყველანაირად შევეცადოთ, რომ არ მოვახდინოთ პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ტექსტების, პროგრამული კოდის, ციფრული აუდიო და ვიდეო მასალის არალეგალური კოპირება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ საკითხებს:
1.       პროგრამული უზრუნველყოფა და ციფრული მასალა დაცულია საავტორო უფლებებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ცხადად მითითებული შესაბამის დოკუმენტაციაში. აქედან გამომდინარე, მასალის კოპირება კანონის დარღვევაა, თუ ეს არ არის ნებადართული პროდუქციის ავტორის ან/და მისი გამომცემლის მიერ.  ამასთანავე, კანონდარღვევაა არალეგალური ასლის გამოყენებაც, თუნდაც ეს ასლი სხვა პირის მიერ იყოს დამზადებული.
2.       თუ ციფრული მასალა არ არის დაცული კოპირებისაგან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისი კოპირების უფლება გვაქვს გავრცელების ან/და გაყიდვის მიზნით. როდესაც მწარმოებელი ან ავტორი უფლებას გვაძლევს, შევიძინოთ „დაუცველი“ პროდუქცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გვენდობა, როგორც მომხმარებელს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი გვანიჭებს იმის უფლებას, რომ დავამზადოთ პროდუქციის ასლი მხოლოდ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე  (ორიგინალის დაზიანების შემთხვევაში).
3.       როდესაც ციფრულ მასალას თან ახლავს სალიცენზიო ხელშეკრულება, საჭიროა, ყურადღებით გავეცნოთ მას.  სალიცენზიო ხელშეკრულება, ხშირ შემთხვევაში, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა გამოვიყენოთ რამდენიმე კომპიუტერზე ერთდროულად, დავამზადოთ მასალის ასლი.  თუმცა როდესაც ეს არ არის ცხადად აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებაში, შესაძლებელია მასალა სხვამ გამოიყენოს, მხოლოდ მისი კოპირების გარეშე (მაგალითად, ჩვენს კომპიუტერზე).
4.       იმ შემთხვევაში, თუ აღარ ვიყენებთ ციფრულ მასალას და ეს არ არის აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებით, ჩვენ შეგვიძლია ეს მასალა სხვას გადავცეთ.  ამ დროს სალიცენზიო შეთანხმება ავტომატურად გადადის ახალ მფლობელზე. 

გარდა მესაკუთრული (Proprietary) სახის სალიცენზიო ხელშეკრულებებისა, რომლებიც მომხმარებელს აძლევს მხოლოდ პროდუქციის გამოყენების უფლებას და უკრძალავს მის გავრცელებას და მოდიფიკაციას, არსებობს სალიცენზიო ხელშეკრულებების ისეთი სახეები, როდესაც მომხმარებელს აქვს მისი კოპირების, გავრცელების და თვით მოდიფიკაციის უფლებაც კი.  ასეთი სახის ლიცენზიები აქვს, მაგალითად, უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას (free software license) და ღია კოდით გავრცელებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ( GNU General Public License).
გარდა იურიდიული ნორმებისა, რომლებზეც ვსაუბრობდით, არსებობს მორალური და ეთიკური ნორმები, რომელთა დაცვა აუცილებელია ციფრული მასალის გამოყენების დროს.  თუმცა  შევნიშნავთ, რომ ეს მჭიდროდაა დაკავშირებული იურიდიული ნორმების დაცვასთან.
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ციფრული მასალა დაცული საავტორო უფლებით და ახლავს თუ არა მას სალიცენზიო ხელშეკრულება, მისი გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ავტორის ან/და წყაროს მითითება (მაგალითად, ვიდეო/აუდიომასალის ავტორის). მასალის მოდიფიკაციის შემთხვევაში, ასევე, მიზანშეწონილია პირველწყაროს და მისი ავტორის მითითება. თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის.  მაგალითად, ვებ-გვერდების დამზადებისას ძალიან გავრცელებულია მზა შაბლონების გამოყენება.  ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი პირველწყაროს მითითება, თუ ამას საგანგებოდ არ ითხოვს შაბლონის ავტორი ან მფლობელი.  ანალოგიური ვითარებაა ამა თუ იმ ფასიანი თუ უფასო ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში.  ასეთი ინსტრუმენტით შექმნილი ციფრული მასალა შეიძლება გავრცელდეს ინსტრუმენტის მითითების გარეშე, თუ ამას საგანგებოდ არ ითხოვს შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება.
და ბოლოს, შევნიშნავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას არ ირღვეოდეს ადამიანის უფლებები:
·         საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება;
·         ინფორმაციის საყოველთაო მისაწვდომობა, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციის, რომელიც საზოგადოების კუთვნილებაა;
·         განათლების უფლება;
·         პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
·         კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.
რადგან ისტ-ის ხელმისაწვდომობა თავისუფალი გამოქვეყნების საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
·         არაეთიკური შინაარსის ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ტექსტური მასალის გავრცელება ან გამოყენება;
·         პიროვნების სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, მასზე ასახული ადამიანის (მცირეწლოვანის შემთხვევაში, მშობლის ან მეურვის) ნებართვა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, სასურველია, პედაგოგი იცნობდეს საკანონმდებლო ბაზას და მოსწავლეებსაც გააცნოს ის.

No comments:

Post a Comment